ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას სწორედ ჩანჩქერებისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიოთ. ალაპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძრები და ორბები დალილვლივებენ, აქ მობინადრე როჭო და შურთხი კი ის ფრინველებია, რომლსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და წყლიანი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. გზაში შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც გადააწყდეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მდე მერყეობს. 2850 მეტრზე ასულებს "შავი კლდეების ტბები" დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.
საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი , კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა).
Comments
Post a Comment